თეგი: ანა ფოტიგა

ანა ფოტიგამ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც ოპოზიციასთან შეხვედრისას განიხილა

სასტუმრო „სტამბაში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შორის შეხვედრა დასრულდა. ევროპარლამენტარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე წარიმართა. „შევხვდი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის. ასევე ომზე უკრაინაში, რადგან ჩემი სპეციალობის სფერო თავდაცვა და უსაფრთხოებაა”, - განაცხადა ანა ფოტიგამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. ანა ფოტიგა: მოგმართავთ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.

ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილე ევროპარლამენტარები და ამერიკელი დიპლომატები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ. კერძოდ, მათ შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა; აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სხვები. კონფერენციის მონაწილეები ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ცნობისთვის, ხვალიდან თბილისში 2 -დღიანი საერთაშორისო კონფერენცია „დიდება უკრაინას!” იწყება. მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერებისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებენ. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას. წელს, კონფერენციის თემაა - „დიდება უკრაინას!” კონფერენციაზე იმსჯელებენ ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ. კონფერენციაში ევროპისა და აშშ-ს უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. სტუმრებს შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი და ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრის გლობალური პოლიტიკის დირექტორი, დევიდ კრამერი; ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, კურტ ვოლკერი; ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში, თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, ბენ ჰოჯესი; ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ; ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა; ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი; ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვები, ასევე ექსპერტები და მკვლევრები.

ანა ფოტიგას თქმით, საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარი მეორედ განუცხადა

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ისევ უარი უთხრა. ამის შესახებ ფოტიგამ Twitter-ზე დაწერა.  ანა ფოტიგამ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც ოპოზიციასთან შეხვედრისას განიხილა მისი თქმით, ექსპრეზიდენტის დედისგან, გიული ალასანიასგან და თანაგუნდელისგან, გიორგი ჩალაძისგან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოისმინა. „აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობითა და მხნეობით", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში. ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი გასული წლის 10 ნოემბერსაც ითხოვა, თუმცა უარყოფითი პასუხი მიიღო. ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. დოკუმენტში, რომელსაც ანა ფოტიგა ავრცელებს, აღნიშნულია, რომ ამ შესწორების მიხედვით, „ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიმართავს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების კონსტიტუციური უფლება. ეს კი, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“. ანა ფოტიგას შესწორების თანახმად, დოკუმენტში ასევე „მკაცრად გმობენ რუსეთის გეგმებს, ოკუპირებულ აფხაზეთში, კონკრეტულად კი ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენებას და მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, მხარი დაუჭიროს ყველა ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევის დასასჯელად“. „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ უნდა მივცეთ მას საშუალება, რომ ციხეში მოკვდეს. აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ისინი საქართველოს უნდა დაუბრუნდეს. დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს მხარდასაჭერად მიიღო ჩემ მიერ შეტანილი ორი ცვლილება“,- წერს ანა ფოტიგა „ტვიტერში“. ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებიც შევიდა.  

ფოტიგა: მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა მოუწოდებს მმართველ პარტიას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „როგორც მახსოვს, ზუსტად ერთი წელი და ერთი თვე გავიდა ქართველი ხალხის მასშტაბური საპროტესტო აქციებიდან, რასაც მოჰყვა ამ კანონის უკან გაწვევა. ჩემი აზრით, სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველი ხალხის აზრი იგივეა. მმართველი პარტია არჩევნების წინ საზოგადოების დაყოფას ცდილობს. ცდილობს, მოახდინოს ზეწოლა და ძირი გამოუთხაროს იმას, რაც უკვე მიღწეულია კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ძალიან დასანანია. საზოგადოების დაყოფა ყოველთვის არის რუსეთის მიზანი და ეს ძალიან დიდი გამოწვევაა საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის, რომელმაც ამაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, ვიდრე უკვე გაკრიტიკებულ და ხელახლა შემოთავაზებულ იდეებზე. ჯერ არ ვიცით, რა იქნება ბოლო ნაბიჯები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამჯერადაც უკან წაიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გულწრფელად ვურჩევდი მთავრობას, რომ იყოს ამ საკითხის მიმართ უფრო ფრთხილი”, – განაცხადა ფოტიგამ ტელეკომპანია „ფორმულასთან.“ როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის  

ანა ფოტიგა: ჩვენ ვხედავთ მცდელობას, კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე, საქართველოში ცდილობენ, გაავრცელონ რუსული გავლენა

„საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის"] წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. მისი შეფასებით, მომხადებული კანონი "იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას." „ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენ შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ დასავლურ სტრუქტურებს. შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასშტაბური გამოსვლები, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც ე.წ. რუსულ კანონს უწოდებენ იმიტომ, რომ ის იზიარებს კრემლის კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე. ისინი საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ ეხება მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონს. ეს არის, ზოგადად ტენდენცია. ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ," - განაცხადა ანა ფოტიგამ. ევროპარლამენტარებმა ბრიფინგი პარტია "ახალის" ლიდერ ნიკა გვარამიასთან ერთად გამართეს.